პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი ეჭვობს, რომ სიმინდის თესლის შემოტანა კორუფციული გარიგების გზით ხდება.
"თავად ის ფაქტი, რომ სოფლის მეურნეობის სექტორში წელს დამატებით 15 მილიონი ჩაიდება, მისასალმებელია, მაგრამ არ არის გამორიცხული რომ ეს თანხა არის მორიგი კორუფციული გარიგების მხარდაჭერისთვის გამიზნული, რასაც ჰქვია ქვეყანაში გაურკვეველი წამროშობის, გენმოდიფიცირებული სიმინდის თესლის შემოტანა, რომლის დათესვასაც გლეხებს ძალადობრივი მეთოდებით აიძულებენ", - განუცხადა ცისკარიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს".
მისივე განმარტებით, გაუგებარია, რატომ არის მთავრობისთვის საქართველოს სიმინდის ექსპორტიორად ქცევა პრიორიტეტი, მაშინ, როცა ყველა სხვა პროდუქტი ქვეყანაში იმპორტის საგანია.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 11 თებერვალს, კანონმდებლებსა და საზოგადოებას წლიური ანგარიშით მიმართა. რიგით მე-8 ანგარიშისას მან მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირი დეპუტატებს საათი და 15 წუთის განმავლობაში მიმართავდა, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი დებატებს დაეთმო.