შენს ქვეყანას როცა ებრძვი, ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. მათ პოლიტიკური სასჯელი უკვე მიღებული აქვთ, რაც არჩევნებზეც გამოიხატა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საბოტაჟის საქმეზე დაკავებულ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
„ამ პოლიტიკოსების ქმედებები ჩვენ თვალწინ ხდებოდა, რაც შეიძლება, თავისუფლად შეფასდეს, როგორც ღალატი პოლიტიკური თვალსაზრისით. როგორ შეფასდება სამართლებრივად, ეს მართლმსაჯულების საკითხია. მგონი, მოსახლეობამ როგორც ქვეყნის ღალატი, ისე შეაფასა, როცა ცდილობ, ხან ბომბების წვიმა გამოიწვიო, ხან სანქციების, ხან – განცხადებების. შენს ქვეყანას როცა ებრძვი, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის მოწინააღმდეგე და მტრული პოლიტიკის გამტარებელი ხარ. მათ პოლიტიკური სასჯელი უკვე მიღებული აქვთ, რაც არჩევნებზეც გამოიხატა. ქართველი უსამშობლოების მოქმედებას როცა პოლიტიკურ ჭრილში ვაფასებთ, ისტორიის ნებისმიერ მონაკვეთში, ამას ღალატი ერქვა. ისტორიაში ნანახი გვაქვს, როცა ქართველები სხვადასხვა დედაქალაქში დარბოდნენ, ხან აღმოსავლეთში, ხან ჩრდილოეთში, ხან სამხრეთში, ხანაც დასავლეთში, რათა იქ შეეკრათ რაზმი და გადაეგდოთ შენი ქვეყნის ხელისუფლება, ძირი გამოეთხარათ. ეს ყოველთვის ღალატი იყო. ამას ვინც სჩადიოდა, ბაღვაშები, ლიპარიტები, ორჯონიკიძეები და სხვები, საზოგადოებამ ყველას პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა და მოღალატე უწოდა. მოღალატეობა ჰქვია, როცა სხვაგან გარბიხარ, რათა უცხო გამოიყენო შენის წინააღმდეგ. ეს გზა აირჩიეს და პოლიტიკურად ასე შეფასებულია. სისხლის სამართლის ნაწილს მართლმსაჯულება დაადგენს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მოღალატეებს მოღალატეები დაერქვას და ისინი პოლიტიკაში არ იყვნენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შეკკითხვაზე, თუ პოლიტიკურ ოპონენტებს ამ ბრალით ასამართლებენ, ჰქონია თუ არა მნიშვნელობა სანქციებს, რომელიც მმართველი გუნდის წევრებს დაუწესდათ რიგი ქვეყნების მხრიდან იმის მიუხედავად, რომ ისინი ამას „ჩალის ფასს“ უწოდებდნენ, პაპუაშვილმა უპასუხა, რომ სანქციებს მნიშვნელობა ჰქონდა იმისთვის, რომ გაერკვიათ - ვინ არის მეგობარი და ვინ არა.
„სანქციებს რა თქმა უნდა, მნიშვნელობა ჰქონდა იმისთვის, რომ გაგვერკვია - ვინ არის ჩვენი მეგობარი და ვინ არა. ამ მხრივ ეს დიდი ლუსტრაციის პროცესი იყო. ვნახეთ, ბალტიისპირეთის ქცევა ქართველი ხალხის მიმართ. ეს ხომ ის დასკვნებია, რომელიც ქართველმა ხალხმა გააკეთა. ბალტიის ქვეყნებს წლები და ბევრი ხელისუფლების შეცვლა დასჭირდება, რომ ქართველი ხალხის გული კიდევ ერთხელ მოიგონ. ის დანა, რომელიც ზოგიერთმა ხელისუფლებამ ზურგში ჩაგვარტყა, რა თქმა უნდა, გვემახსოვრება. ქართველ ხალხს კარგად ემახსოვრება როგორ მოიქცნენ ადამიანები, რომლებსაც ყველანაირად ვემეგობრეთ - ძმობა, პარტნიორობა და გვერდში დგომა ვაჩვენეთ. იმათმა კი წვრილმან სააკაშვილებსა და პოლიტიკურ ინტრიგებში გაგვცვალეს.
არასასურველ პირებად აღიარებას, სანქციებს და ა.შ. ჰქონდა ლუსტრაციის ეფექტი ქართველი ხალხისთვის, რასაც კარგად ვხედავთ. მათ შორის, ბრიუსელის ამ ქცევამ ქართველ ხალხს დაანახა, რომ ღირებულებებსა და ბრიუსელს შორის არანაირი კავშირი არ არსებობს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.