საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის გიორგი თარგამაძის შეფასებით, დღეს საქართველოს მის ისტორიაში ყველაზე "ძვირი" მთავრობა ჰყავს.
"მიხეილ სააკაშვილმა წლიური მოხსენებისას განაცხადა, რომ იგი თავის პრეზიდენტობას უძღვნის საქართველოს მოსახლეობას. ამ მოსახლეობამ კარგად იცის, რომ რაც "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის სათავეშია და მიხეილ სააკაშვილი პირველი პირი _ 2003 წლიდან მოყოლებული დღემდე, ცხოვრება გაუძვირდა 70 %-ით. დღეს საქართველოს ჰყავს ყველაზე ძვირი მთავრობა მისი ისტორიიის განმავლობაში. ასე რომ, სრულიად არ მიკვირს, როცა სიზმრების და წარმოდგენების მოშველიება სჭირდება ჩვენი მთავრობის წევრებს იმისთვის, რომ რამენაირად წარმოიდგინონ ქართული ოჯახის დილა", - განუცხადა თარგამაძემ ჟურნალისტებს პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლაზე კომენტირებისას.
ამასთან, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი მიესალმება მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც მთავრობა სოფლის მეურნეობის სექტორში დამატებით 150 მილიონის ინვესტირებას გეგმავს, თუმცა აინტერესებს, "საიდან უნდა მოიტანოს ეს ფული?".
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 11 თებერვალს, კანონმდებლებსა და საზოგადოებას წლიური ანგარიშით მიმართა. რიგით მე-8 ანგარიშისას მან მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირი დეპუტატებს საათი და 15 წუთის განმავლობაში მიმართავდა, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი დებატებს დაეთმო.