ოპოზიციონერი დეპუტატი პაატა დავითაია პრეზიდენტ სააკაშვილის გუშინდელი ანგარიშით უკმაყოფილოა.
როგორც დავითაიამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს არც ერთი პრობლემის მოგვარების გზებზე არ უსაუბრია, გარდა სოფლის მეურნეობის სექტორისა.
"მან არც ერთი პრობლემის მოგვარებაზე არ ისაუბრა, გარდა სოფლის მეურნეობისა. ყველა იმ მტკივნეულ საკითხზე, რომელიც თავად პრეზიდენტმა დაასახელა პასუხი ვერ მივიღეთ", - განუცხადა დავითაიამ "ჯი-ეიჩ-ენს".
ამასთან, დეპუტატის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი არ გამოხმაურებია მის მიერ დევნილებთან დაკავშირებით დასმულ საკითხს, რაც "ბადებს ეჭვს, რომ მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირებისადმი იგივე მიდგომის გაგრძელებას აპირებს".
"ეს ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია", - დასძინა მან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 11 თებერვალს, კანონმდებლებსა და საზოგადოებას წლიური ანგარიშით მიმართა. რიგით მე-8 ანგარიშისას მან მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირი დეპუტატებს საათი და 15 წუთის განმავლობაში მიმართავდა, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი დებატებს დაეთმო.