ტაჰრირის მოედნის ირგვლივ, სადაც სამი კვირის განმავლობაში ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მოწინააღმდეგენი იყვნენ შეკრებილნი, სამხედროებმა ბარიკადების დაშლა დაიწყეს.
მთელი ღამის განმავლობაში პრეზიდენტის გადადგომას ქაიროში ათასობით ადამიანი ზეიმობდა. მუბარაქის რეჟიმისგან ეგვიპტის გათავისუფლება ტაჰრირის მოედანზე შეკრებილმა მანიფესტანტებმა ერთმანეთს მიულოცეს. ისინი სიხარულს ავტომანქანების საყვირითა და ჰაერში სროლით გამოხატავდნენ.
მუბარაქის ზუსტი ადგილსამყოფელი ცნობილი არაა. ერთ-ერთი ვერსიით, იგი ოჯახთან ერთად შერმალ-შეიხში იმყოფება, მაშინ, როცა "ალ-ჯაზირას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის ყოფილი ლიდერი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში აფარებს თავს.
ცნობისთვის, ჰოსნი მუბარაქი ირწმუნებოდა, რომ სიცოცხლის დარჩენილ წლებს საკუთარ სამშობლოში გაატარებდა.
შეგახსენებთ, გუშინ ეგვიპტის უკვე ყოფილი პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი გადადგა. ამის შესახებ ხალხს ეგვიპტის ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა აცნობა.