გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმირ ალექსეევის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი დუბაიში დააკავეს. ამის შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურში აცხადებენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თავდამსხმელი დუბაიში დააკავეს, ერთ-ერთი თანამომაწილე – მოსკოვში, ხოლო კიდევ ერთი, მათი თქმით, ამჟამად უკრაინაშია.
„რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩატარებული ოპერატიული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბის მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის მკვლელობის მცდელობის საქმის ფარგლებში, დანაშაულში მონაწილეები გამოავლინა: რუსეთის მოქალაქეები - 1959 წელს დაბადებული ვიქტორ ვასინი და 1971 წელს დაბადებული ზინაიდა სერებრიცკაია, რომელიც უკრაინაში გაიქცა“, - აცხადებს რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური.
გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევს მოსკოვში 6 თებერვალს საცხოვრებელ კორპუსში ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. დაჭრილი გენერალი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ალექსეევი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილეა.