"ეგვიპტის ახალი ხელისუფლებისგან ისრაელთან არსებული შეთანხმების შესრულებას მოველით,"_განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა რობერტ გიბსმა.
"ეგვიპტესთან ჩვენმა 30 წლიანმა პარტნიორობამ რეგიონალური სტაბილობა და მშვიდობა მოიტანა, განსაკუთრებით, ისეთ ქვეყნებს შორის, როგორიცაა ეგვიპტე და ისრაელი. მნიშვნელოვანია, რომ ეგვიპტის შემდგომმა ხელისუფლებამ ის შეთანხმება აღიაროს, რასაც ისრაელის მთავრობასთან მოაწერა ხელი," _ აღნიშნა გიბსმა.
მანვე დასძინა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა უკანასკნელი დღეების განმავლობაში უკვე ყოფილ პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქს არ ელაპარაკებოდა. მან ეგვიპტისა და ამერიკელ სამხედროებს შორის ინტენსიური კონტაქტისა და ვიცე-პრეზიდენტ ომარ სულეიმანთან ჯოზეფ ბაიდენის რეგულარული საუბრების შესახებ აღნიშნა.
თავის მხრივ, ეგვიპტის მოვლენებმა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ორ ქვეყანას შორის მშვიდობის შენარჩუნების შესაძლებლობაში დააეჭვა. ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ მსოფლიოსთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს რადიკალური ისლამისტები, რომლებიც ბირთვულ იარაღს ღებულობენ. ის ეჭვობს, ისლამისტებმა გადატრიალებით ისარგებლონ და სახელმწიფოს განვითარება უკან დასწიონ.
შეგახსენებთ, გუშინ ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი, რომელიც 1981 წლიდან მართავდა ქვეყანას, გადადგა. მისი გადადგომის შესახებ ხალხს ვიცე-პრეზიდენტმა ომარ სულეიმანმა აუწყა.