"ქართული დასის" ლიდერ ჯონდი ბაღათურიას პრეზიდენტის გუშინდელი გამოსვლისას დარჩა შთაბეჭდილება, თითქოს "სააკაშვილი ოპოზიციონერი იყო, ოპოზიციონერები კი ხელისუფლების წარმომადგენლები".
"პრეზიდენტის გამოსვლის პირველი ნაწილი იყო ყალბი სინანული და ხალხის თითქოსდა შეცოდების გამოხატულება. რჩებოდა შთაბეჭდილება თითქოს ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში და თვითონ ერთი საწყალი ოპოზიციონერი, რომელსაც ხალხის ხმის მიტანა უნდოდა ჩვენთან", - განუცხადა ბაღათურიამ "ჯი-ეიჩ-ენს" პრეზიდენტის გუშინდელი მოხსენების შეფასებისას.
რაც შეეხება გამოსვლის მეორე ნაწილს, ოპოზიციონერი დეპუტატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა ვირტუალურ წამტატებებზე ისაუბრა, რომელსაც მის გარდა ვერავინ ხედავს.
"მოხსენების დანარჩენი ნაწილი იყო კვლავ ლაპარაკი ვირტუალურ წარმატებებზე, ვირტუალურ კეთილდღეობებზე, შეპირებებზე. სამწუხაროდ, ამ წარმატებებს მარტო თვითონ აღიარებს და ხალხი ამას ვერ გრძნობს", - დასძინა ბაღათურიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, 11 თებერვალს, კანონმდებლებსა და საზოგადოებას წლიური ანგარიშით მიმართა. რიგით მე-8 ანგარიშისას მან მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და დაგეგმილ პრიორიტეტებზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირი დეპუტატებს საათი და 15 წუთის განმავლობაში მიმართავდა, რის შემდეგაც პარლამენტის სხდომათა დარბაზი დებატებს დაეთმო.