"ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის წევრის, დეპუტატ გურამ ჩახვაძის შეფასებით, საქართველოში ორი სახელმწიფო არსებობს - წარმატებული და წარუმატებელი.
"ედპ ხელისუფლების საქმიანობაში ხედავს როგორც დადებით ასევე უარყოფით მხარეებს. შეიძლება ითქვას, საქმე ორ საქართველოსთან გვაქვს. სამწუხაროდ, წარმატებულის გვერდით არის მეორე, წარუმატებელი საქართველო. შეშფოთების საფუძველი საკმარისზე მეტია. უმუშევრობისა და სიღარიბის ისედაც მძიმე ფონზე სურსათზე, კომუნალურ გადასახადებზე, ნედლეულზე ფასების მატება სოციალური არასტაბილურობის რეალურ ნიადაგს ქმნის, საიდანაც პოლიტიკურ არეულობამდე ერთი ხელის გაწვდომაა. არც ერთ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსს არ შეიძლება გაუჩნდეს სურვილი პოლიტიკური ქაოსისა და ამიტომაა ედპ-ისთვის მიუღებელია ლოზუნგი "რაც უფრო ცუდადაა საქმე, მით უკეთესია", - აღნიშნა ჩახვაძემ პრეზიდენტის მოხსენების შემდეგ გამართული დებატების დროს.
მისი თქმით, სწორედ ამის გამო "ეროვნულ-დემოკრატები" პრინციპულად წინააღმდეგები არიან პოლიტიკური რადიკალიზმისა და პოპულიზმის.
"თუმცა სრული უპასუხისმგებლობა იქნება რეაქციის გარეშე დატოვო პრობლემები რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის განვითარებას და ქართული საზოგადოების კეთილდღეობას. ბატონო პრეზიდენტო, მე მთხოვეს კონკრეტული საკითხები მომეტანა თქვენამდე _ რუსთაველი მეტალურგები და ყოფილი მუსკომედიის თანამშრომლები წლების განმავლობაში დაგროვილი სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ითხოვენ, ქართველი მეზღვაურების სურვილია, სახელმწიფომ ითავოს მათი უსაფრთხო დასაქმება, მაუდის ფაბრიკის აქციონერები შელახული უფლებების დაცვას ითხოვენ, ფოთის სასტუმრო "აიეტში" განთავსებული დევნილები გაუსაძლის ყოფაზე ჩივიან", - აღნიშნა ჩახვაძემ.
ჩახვაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანაში, უკმაყოფილო მეტია ვიდრე კმაყოფილი, მდიდრები კიდევ უფრო მდიდრდებიან და ღარიბები კიდევ უფრო ღარიბდებიან.
"სამშობლოსათვის თავდადებას ფასი არა აქვს, წინა თაობებისადმი სახელმწიფოს პატივისცემა დაკარგულია, დევნილებს საცხოვრებლიდან იძულებით ასახლებენ, ეროვნული უბედურებაა, როცა მკურნალობისთვის სახლებს ყიდიან და ბანკის ვალებისთვის სახლებს უყიდიან, როცა ქვეყანაში დაკარგული თაობების ცნება ჩნდება. ეს მაშინ, როცა თითქმის ყოველდღე გვესმის მაღალი თანამდებობების პირების კორუფციული დანაშაულის შესახებ, რის ფასიც მილიონობით საბიუჯეტო თანხის მითვისება და ჩვენი მოქალაქეების სახელმწიფო რეკეტია. კარგია, როცა ასეთ ადამიანებს პასუხს ვაგებინებთ, მაგრამ ცუდია, როცა ამ დანაშაულის სახელმწიფო პრევენცია არ არსებობს", - განაცხადა ჩახვაძემ.