შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 3 თებერვალს, თეთრ სახლში კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს შეხვდა.
დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეხვედრამ კოლუბიელ კოლეგასთან შესანიშნავად ჩაიარა. ცოტა ხნის წინ ტრამპი გუსტავო პეტროს აშშ-ში ნარკოტიკების არალეგალურ შეტანაში დებდა ბრალს.
ტრამპის თქმით, ორი ქვეყანა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობაზე, ასევე პეტროს, მისი ოჯახის წევრებისა და კოლუმბიის შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებზე მუშაობს.
თავის მხრივ, გუსტავო პეტრომ კოლუმბიის რადიოსადგურ "კარაკოლს" განუცხადა, რომ მან და დონალდ ტრამპმა განიხილეს ვენესუელური გაზის კოლუმბიის გავლით ექსპორტის შესაძლებლობა, ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლა და ეკვადორთან სავაჭრო კონფლიქტის დასრულების შესაძლებლობა. პეტროს თქმით, დონალდ ტრამპი დათანხმდა კოლუმბიასა და ეკვადორს შორის დავის შუამავლობას.
2025 წლის 24 ოქტომბერს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა კოლუმბიის პრეზიდენტის, მისი ოჯახის წევრებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის, არმანდო ბენედეტის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა და აშშ-ში შესვლა აუკრძალა. ვაშინგტონი იმ დროს აცხადებდა, რომ პეტრომ "ნარკოკარტელებს აყვავების საშუალება მისცა და მათი საქმიანობის შეჩერებაზე უარს ამბობდა".
აშშ-ის სანქციების დაწესების შემდეგ, გუსტავო პეტრომ, რომელიც ხელისუფლებაში 2022 წელს მოვიდა, კოლუმბიის დედაქალაქში ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ დემონსტრაციების გამართვის მოწოდებით გამოვიდა.
საპასუხოდ, ტრამპმა პეტროს "ბანდიტი" და ავადმყოფი უწოდა.