რუსეთთან ერთად, ქართული სახელმწიფოს უპირველესი მტერი ქვეყანაში არსებული სოციალური უთანასწორობა და ელიტარული კორუფციაა. ამის შესახებ "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ გამართულ დებატებზე განაცხადა.
"ეროვნულ-დემოკრატები სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რუსეთთან ერთად ქართული სახელმწიფოს უპირველესი მტერი ქვეყანაში არსებული სოციალური უთანასწორობა და ელიტარული კორუფციაა. ამის ძირითადი მიზეზი ხელისუფლებაა. უნდა ვაღიაროთ, რომ მთავრობის პოლიტიკამ სასურსათო უსაფრთხოების, საშუალო ფენის ჩამოყალიბების, სოციალური რისკებისგან მოსახლეობის დაცვის მიმართულებით სერიოზული მარცხი განიცადა და ქვეყანა რეალურად დადგა სოციალური კოლაფსის წინაშე", - აღნიშნა ჩახვაძემ.
დეპუტატის თქმით, სოციალური უთანასწორობა და ელიტარული კორუფცია აღიარებული უნდა იყოს ნაციონალური მნიშვნელობის პრობლემად, რომლის მოგვარება ვერ დაელოდება მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებს.
"ოპოზიციის ვალია უმრავლესობასთან მწვავე კრიტიკაში, მაგრამ მასთან ერთად, იზრუნოს პრობლემების მოგვარებისთვის. თუ შევძელით და მივიღეთ პროგრესული კონსტიტუცია, თუ შესაძლებელია მოახდინო პოლიციის რეფორმირება და დააგო გზები, თუ შესაძლებელია აწარმოო პრინციპული საგარეო პოლიტიკა, მაშინ რატომ არ შეიძლება იმავე პოლიტიკური ნების გამოვლინება სოციალური უთანასწორობის და ელიტარული კორუფციის დასამარცხებლად", - აღნიშნა მან.