"თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან მშვიდობიანად წასვლის უკანასკნელ შანსს აძლევენ. აღნიშნულის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატების დროს განაცხადა.
"თქვენ გაქვთ უკანასკნელი შანსი, წახვიდეთ პოლიტიკიდან ისე, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, ხელისუფლება შეიცვალოს მშვიდობიანი, დემოკრატიული არჩევნების გზით", - განაცხადა დეპუტატმა.
ცაგარეიშვილმა პრეზიდენტს მოუწოდა, გამოსვლა ვირტუალური მიღწევებისა და წარმატებებისთვის კი არ მიეძღვნა, არამედ ქვეყანაში არსებულ მძიმე რეალობაზე ესაუბრა.
"თქვენ არასდროს საუბრობთ, რომ ყოველი მეორასე ჩვენი თანამოქალაქე პატიმარია; პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვით საქართველო მსოფლიოში მოწინავე ადგილზეა; საკუთრების უფლების დაცვით საქართველო 116-ე ადგილზეა, სასამართლოს დამოუკიდებლობით კი - 104-ზე. თქვენს ერთ-ერთ მთავარ "მიღწევად" ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი პრაქტიკულად შიმშილის ზღვარზე იმყოფება", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
მისი თქმით, სოფლის მეურნეობის, როგორც დარგის, მიზანმიმართულმა გაჩანაგებამ გამოიწვია, რომ დღეს საქართველოს მოსახლეობა ყიდულობს, უფრო სწორად, კი ვეღარც ყიდულობს ჩინურ ნიორს 9 ლარად, თურქულ პომიდორს - 5 ლარად, სომხურ სტაფილოს - 2 ლარად, ხოლო პური, რომელიც მოსახლეობის ძირითადი საკვები პროდუქტია, დღითიდღე ძვირდება.