მიხეილ სააკაშვილს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მორგება არ გამოუვა. ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" წევრმა, დეპუტატმა გია ცაგარეიშვილმა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ, დებატების დროს განაცხადა.
დეპუტატმა სააკაშვილი კონსტიტუციის მიღების დროს დაგეგმილ "ზრახვებში" ამხილა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის სავარძლიდან პრემიერ-მინისტრის თანამდებობის მორგება არ გამოუვა, რასაც არც საქართველოში დაუშვებენ და არც საერთაშორისო პარტნიორები მიესალმებიან.
ცაგარეიშვილმა "თავისუფალი დემოკრატების" სახელით პრეზიდენტს მოუწოდა, ხელი შეუწყოს საარჩევნო გარემოს თვისობრივ ცვლილებას; გადადგას ნაბიჯები პოლიციის დეპოლიტიზაციის მიმართულებით; გაათავისუფლოს სასამართლო საპროკურორო წნეხისგან, მისცეს მედიას შესაძლებლობა, დამოუკიდებლად გააშუქოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესები; ასევე, შეწყვიტოს ბიზნესის რეკეტი სახელმწიფოს მხრიდან და მოქალაქეების დატერორება მათი განსხვავებული შეხედულებების გამო.