პარლამენტში მიმდინარე დებატებისას პირველი შეკამათება პრეზიდენტ სააკაშვილსა და ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთ ლიდერ ლევან ვეფხვაძეს შორის მოხდა.
კონკრეტულად, სააკაშვილის უკმაყოფილება ვეფხვაძის იმ განცხადებამ განაპირობა, რომელშიც ოპოზიციონერმა დეპუტატმა საერთაშორისო კორპორაცია "სოკართან" გაფორმებულ ხელშეკრულებას "დანაშაული" უწოდა და აღნიშნა, რომ ამ შეთანხმების მიუხედავად, საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის გაზს მაინც ყველაზე ძვირად ყიდულობს.
აღნიშნულის საპასუხოდ, საქართველოს პირველმა პირმა ლევან ვეფხვაძეს იმ ქვეყნების დაკონკრეტება მოსთხოვა, რომლებიც აზერბაიჯანისგან ბუნებრივ აირს საქართველოზე იაფად იღებენ და დეპუტატის ამ განცხადებას "ფუნდამენტური ტყუილი" უწოდა.
"დამიზუსტეთ, რომელ ქვეყანაშია უფრო იაფი გაზი? ეს არის ფუნდამენტური საკითხი. ეს ეხება ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას და ძალიან ვამაყობ ამ ხელშეკრულებით, რომლითაც ჩვენს მოქალაქეებს გაზი ნამდვილად არ უძვირდებათ და მას ვიღებთ ყველაზე იაფად. 10 წლით გვავქვს გარანტირებული ფაქტობრივად კომუნიზმი ამ სფეროში. გამეცით პასუხი და წავიღებ ჩემს სიტყვებს უკან. ეს არის ტყული. არსებობს რაღაც ტყუილები, რომლებიც "გავატარე", მაგრამ ეს არის ფუნდამენტური ტყული და ამას ნამვდილად არ გავატარებ", - მიმართა ვეფხვაძეს სააკაშვილმა.
აღნიშნულ განცხადებას პარლამენტის სხდომათა დარბაზში მყოფი უმრავლესობის წევრები ტაშით შეხვდნენ.
პრეზიდენტსა და ოპოზიციონერ დეპუტატს შორის დებატები ვეფხვაძის მიერ "გაზპრომის" ხსენებამ და საქართველოს მთავრობის იმაში დადანაშაულებამაც გამოიწვია, რომ ის აღნიშნულ კომპანიას სომხეთისთვის მიწოდებული გაზის ტრანსპორტირების საფასურს არ ახდევინებს.
"არანაირი შეწყალება "გაზპრომს" ჩვენგან არ აქვს საქართველოში. არიან კომპანიები, რომლებიც არ გვიყვარს", - განაცხადა სააკაშვილმა ვეფხვაძის საპასუხოდ.
აღსანიშნავია, რომ "ქრისტიან-დემოკრატების" წარმომადგენელმა ყურადღება სასურსათო პროდუქტებზე გაზრდილ ფასებსა და მონოპოლიებზე გაამახვილა, რის კონტექსტშიც წლიური ანგარიშის დროს მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოყენებული ფრაზა "საქართველო მონოპოლიების გარეშე", მკაცრად გააკრიტიკა.