საპარლამენტო უმრავლესობა ჯანდაცვის სფეროში თამაშის ერთიანი წესების დადგენაზე საუბრობს. როგორც დღეს პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, დებატების დროს, გიგი წერეთელმა აღნიშნა, ჯანდაცვა არის სფერო, რომელიც არა მხოლოდ საქართველოს ხალხსა და ხელისუფლებას აწუხებს, არამედ მსოფლიოში დებატების საგანი ხდება.
"ჩვენ ვიცით ყველა იმ სირთულის შესახებ, რაც ჯანდაცვის სფეროშია. ეს არის დაზღვევის, წამლების ფასის მატება, მაგრამ ყველაფერ ამას მოვაგვარებთ, თუ კომპლექსურად მივუდგებით", - აღნიშნა წერეთელმა.
მისი თქმით, საქართველოში 32 ახალი საავადმყოფო აშენდა და კიდევ 114 კლინიკა შენდება, სადაც უცხოური ინვესტიციებია ჩადებული. ეს კი უფრო მეტ სამუშაო ადგილს და უფრო ხარისხიან სამედიცინო მომსახურებას ნიშნავს", - აღნიშნა მან.
მისი თქმით, სადაზღვევო კომპანიების კუთხით არსებული პრობლემებიც მოგვარდება და იმ ადამიანების დაზღვევაც მოხდება, რომლებიც არც სოციალურად დაუცველების სიაში შედიან და არც დაზღვევის ფული აქვთ. მათი რაოდენობა კი დაახლოებით მილიონამდეა.
რაც შეეხება წამლების ფასების გაზრდას, წერეთელის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ამ სფეროში რამდენიმე კანონი მიიღო, ფასები წამლებზე 30%-ით შემცირდა.