"ზრუნვის გარეშე არც ერთი დევნილი ოჯახი არ უნდა დარჩეს", _ განაცხადა პარლამენტში გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და დევნილებზე ზრუნვის პრიორიტეტზე ისაუბრა.
პრეზიდენტის თქმით, ბევრი დევნილი ჯერაც რთულ პირობებში ცხოვრობს, ზოგიერთი მათგანი სახლის გარეშეა დარჩენილი და დროებით თავშესაფარს იყენებს საცხოვრებლად. სააკაშვილი მიიჩნევს, რომ ვიდრე თითოეული ლტოლვილი ქონებასა და სახლს არ დაიბრუნებს, მათ დროებით დანაკარგს აფხაზეთში ვერაფერი ჩაანაცვლებს.
"სახელმწიფოს ვალდებულება აქვს აღებული, ყველაფერი გააკეთოს, რომ ჩვენმა თანამემამულეებმა დევნილობაშიც ღირსეული ცხოვრება მიიღონ. ამ ვალდებულების ფარგლებში, დროებითი თავშესაფრის ნაცვლად, კერძო საკუთრებაში არსებულ ბინებში დევნილების განთავსება მიმდინარეობს. რა თქმა უნდა, საცხოვრებლის შეცვლა სირთულეებს წარმოშობს. მეტიც, ეს პროცესი ძალზე მტკივნეულია. მით უმეტეს მაშინ, როცა მათ არაერთხელ მოუხდათ ამ ტკივილის განცდა", _აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ხელისუფლებაც განიცდის მათ ტკივილს. სააკაშვილის სიტყვით, მათი მიზანია, დევნილთა ტრანსფორმაცია მოახდინონ და არალეგალური მდგომარეობიდან სამართლებრივად გამართულ მდგომარეობაზე გადაიყვანონ, რათა მათ არაპროგნოზირებადიდან პროგნოზირებამდე გადასვლა მოახერხონ.A
"უკვე 25 ათასამდე დევნილი საკუთარ ბინაში ცხოვრობს, საკუთარი კარ-მიდამო, ქონება აქვს, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. გასაკეთებელი ძალიან ბევრია. უმთავრესი ამოცანაა მუდმივად ზრუნვა მათი კომუნალური პირობების გაუმჯობესებაზე", _ აღნიშნა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უკვე გამოყოფილია სათანადო თანხები და მომავალი 12 თვის განმავლობაში ყველა კომპაქტურ ჩასახლებაში აღდგენითი სამუშაო ჩატარდება.
სააკაშვილი კონკრეტულ გეგმებსაც შეეხო. მისი თქმით, ფოთში თავისუფალი ინდუსტიული ზონა შენდება და ფოთი მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცენტრი იქნება.
"გვინდა, იქ ჩასახლებული დევნილები ფოთის წარმატებულ ნაწილად იქცნენ. ფოთი უკვე იქცა შავი ზღვის სასწაულად. ბათუმში ჩასახლებული დევნილებისთვის ვაშენებთ ახალ დასახლებას და ისინი ბათუმის წარმატების ნაწილი გახდებიან. წყალტუბოსა და ანაკლიაშიც ახალი განვითარება დაიწყება", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.