საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სიტყვა "მოდერნიზაციის" მნიშვნელობა კიდევ ერთხელ განმარტა.
"დღევანდელი მოხსენების ერთი სიტყვით დასაბუთება რომ შემეძლოს, ვიტყოდი, რომ ეს არის მოხსენება მოდერნიზაციის შესახებ. მოდერნიზაცია იქნება ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ამ ისტორიული ეტაპის, ჩვენი საზოგადოების დროსთან და ეპოქასთან შეჯიბრის, ჩემი მთავრობისა და პირადად ჩემი მოღვაწეობის ერთ-ერთი უმთავრესი შედეგი", - განმარტა სააკაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენებით გამოსვლისას.
მისი თქმით, მოდერნიზაცია ზოგისთვის შეიძლება სიტყვის მასალა იყოს, მაგრამ
მისთვის ის პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან საქართველოს ევროპულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ქცევას ნიშნავს, რომელიც ყველაზე სწრაფად გაიზრდება ევროპაში.
"მოდერნიზაცია ნიშნავს კლანური და ტრაიბალისტური აზროვნების ჩანაცვლებას მოქალაქეობრივი თვითშეგნებით, მოდერნიზაცია ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქე იყოს უფრო განათლებული, უფრო კონკურენტუნარიანი, ჰქონდეს თანამედროვე ცოდნა და თავს გრძნობდეს საქართველოს პატრიოტად, მაგრამ ამავე დროს მსოფლიოს მოქალაქედ. კაცობრიობის მედროშედ, თავისუფალ ადამიანად, ვისთვისაც ყველა შესაძლებლობა გახსნილი აქვს და არ გააჩნია არასრულფასოვნების კომპლექსი", - დასძინა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა განმარტა, რომ არასრულფასოვნების კომპლექსი არის ის, რომელსაც მრავალი წლის განმავლობაში ამკვიდრებდნენ იმპერიები და რაც საშუალებას აძლევდა მათ, ყოველთვის მორჩილებაში ჰყოლოდა სხვა ქვეყნები.
"როგორც კი მოვიშორებთ არასრულფასოვნების კომპლექსს, ვერასდროს ვერავინ დაგვაბრუნებს მონობაში", - აღნიშნა სააკაშვილმა და განმარტა, რომ "მოდერნიზაცია ასევე ნიშნავს სახელმწიფოს მიერ გატარებულ და გასატარებელ რეფორმებს, რომელთაც მივყავართ უფრო ცივილიზებულ, უფრო პროგრესულ, უფრო დემოკრატიულ სახელმწიფომდე. ნიშნავს ცვლილებებს და ინოვაციებს, რომლებიც გაგვინათებენ გზას უფრო გახსნილი და წარმატებული საზოგადოებისკენ, საზოგადოებისკენ, რომელიც არ იკეტება საკუთარ ნაჭუჭში, რომელსაც არ გააჩნია ფობიები, არის მრავალეთნიკური და მრავალპროფესიული, რომელშიც ყველა თემა არის ქართველი ერის განუყოველი ნაწილი".
"მოდერნიზაცია - ეს არის ლტოლვა საზოგადოებისკენ, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მისტიროდეს წარსულს, ოცნებობს და ილტვის მომავლისკენ, საზოგადოებისკენ, რომელიც შედგება თავისუფალი ადამიანებისგან, თავისუფალი აზროვნებით, თავისუფალი ცხოვრების წესით. მოდერნიზაცია ნიშნავს გამარჯვებული მენტალიტეტის საქართველოს, სადაც პოლიტიკოსები და საზოგადოება ერთ მუშტად იქნება შეკრული საქართველოს დასაცავად, მაშინაც, როცა მათ შორის იქნება დიდი პოლიტიკური და იდეოლოგიური განსხვავევები, საქართველოს, სადაც ვერასოდეს დაბრუნდება ქურდული გაგება, ეთნიკური და რეგიონალური დაყოფა, სადაც ვერასოდეს მოიკიდებს ფეხს კორუფცია, ნიშნავს საქართველოს, სადაც პიროვნების თავისუფლებაა ქვეყნის ქვაკუთხედი და რომელიც დაიმკვიდრებს ადგილს საერთაშორისო სისტემაში, როგორც სუვერენული, ერთიანი და ძალიან წარმატებული სახელმწიფო, რომლის არსებობას ვერც ერთი იმპერია ვეღარ შეეცილება", - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი შეფასებით, მოდერნიზებული საქართველო ნიშნავს, განვითარებული ეკონომიკის მქონე საქართველოს, სადაც არის ბევრი სამუშაო ადგილი, ღირსეული შემოსავლის წყარო, კეთილდღეობის მოპოვებისა და შესაძლებლობების რეალიზაციის წყარო ჩვენი მოქალაქეებისთვის.
"ამიტომ, ერთი წუთით არ ჩავხრით მუხლს მოდერნიზაციისთვის ბრძოლაში, გადავლახავთ ნებისმიერ დაბრკოლებას და დავძლევთ ნებისმიერ სირთულეს, რადგან ვიმოძრავებთ მხოლოდ და მხოლოდ წინ, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე ჩვენს ბრძოლას, აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განმარტა სააკაშვილმა.