"ერთი სამშობლო გვაქვს და თანაბარი შესაძლებლობა უნდა გვქონდეს წარმატების მისაღწევად. ეს არის არა მხოლოდ განათლების სისტემის, არამედ მმართველობის მთავარი პრინციპი, რომელსაც ბოლო წლების განმავლობაში გეგმაზომიერად ვახორციელებთ", _ განაცხადა მიხელ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება ეთნიკური უმცირესობის მოქალაქეებს არ ივიწყებს და ცდილობს, მათ სრულად გაუხსნას გზა საქართველოში ბიზნესის რეალიზაციისთვის. პრეზდენტის სიტყვით, ამ მიზნით შარშან სპეციალური სახელმწიფო პროგრამა ამუშავდა, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი აზერბაიჯანელი, სომეხი, აფხაზი, ოსი მოქალაქეებისთვის ქართული უმაღლესი განათლების მიღებას და გამოცდების გადალახვის გამარტივებას. პროგრამა იმ მოქალაქეებისთვის ამოქმედდა, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.
პრეზიდენტის თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა, რამდენად შევძლებთ მსოფლიო ეკონომიკურ ფერხულში ისე ჩართვას, რომ ჩვენი მოქალაქე კონკურენტუნარიანი იყოს, მას შეეძლოს საქმიანობა და აზროვნება გლობალური მასშტაბით და არ იყოს შეზღუდული მხოლოდ ქვეყნის ფარგლებში.
"უპირველესად, ამას დღეს სჭირდება საერთაშორისო ენების _ ინგლისურის ცოდნა, თუმცა ჩვენ წავახალისებთ ნებისმიერი სხვა ევროპული და მოწინავე აზიური ენების ცოდნასაც", _ აღნიშნა პრეზიდენტმა.