დღეს აღარ არსებობს უკვე კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მხარესაა საერთაშორისო სამართალი. ჩვენი კურსი ევროკავშირისკენ და ნატოსკენ ურყევია, _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას.
"ჩვენი ქვეყანა ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით რთული რეალობის წინაშე დგას. საქართველოს დამოუკიდებლობას და მთლიანობას უპირისპირდება ძლიერი მტერი, მაგრამ გასული წლის განმავლობაში ჩვენ მნიშვნელოვან დიპლომატიურ წარმატებებს მივაღწიეთ. დღეს აღარ არსებობს უკვე კითხვის ნიშნები იმასთან დაკავშირებით, თუ ვის მხარესაა საერთაშორისო სამართალი. საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერა იზრდება, ყველგან უფრო და უფრო ღრმავდება სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან და ურყევია ჩვენი კურსი ევროკავშირისკენ და ნატოსკენ", _ აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
მისივე თქმით, დღეს ყველა ხედავს, რომ მთლიანად ჩაფუშულია გეგმები საქართველოს იზოლაციისა, არშემჩნევისა.
"თითქოს არ არსებობს ასეთი ქვეყანა, იქნებ სადმე გაუჩინარდეს და გაქრეს თავისი მთავრობიანად და ხალხიანადო. სულ ჩაიფუშა პოლიტიკა, მისი ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებისათვის", - აღნიშნა სააკაშვილმა.