“არჩევნებში ჩარევის” გამო უკრაინის ელჩი უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო სოციალურ ქსელში წერს.
„დღეს ჩვენ დავიბარეთ უკრაინის ელჩი ბუდაპეშტში, საგარეო საქმეთა სამინისტროში. ჩვენ არ შევეგუებით უნგრეთის არჩევნებში რაიმე ჩარევას, მათ შორის უკრაინის მცდელობებს, გავლენა მოახდინოს შედეგებზე და ჩაერიოს საარჩევნო პროცესში პარტია „ტისას“ სასარგებლოდ. ბოლო კვირების განმავლობაში, უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის მთავრობა ჩაერთნენ ღია, უსირცხვილო და აგრესიული ჩარევის კამპანიაში. მათი მიზანი ნათელია: გავლენა მოახდინონ უნგრეთის არჩევნებზე პარტია „ტისას“ სასარგებლოდ, მაგრამ მხოლოდ უნგრელ ხალხს შეუძლია, გადაწყვიტოს უნგრეთის მომავალი. ეს გადაწყვეტილება მიიღება უნგრეთში და არა ბრიუსელში და რა თქმა უნდა, არა კიევში. ჩვენ დავიცავთ ჩვენს სუვერენიტეტს ყველა შესაძლო საშუალებით!“ – განაცხადა მან.