საქართველოს პრეზიდენტმა წლიური ანგარიშით გამოსვლისას განსაკუთრებული ყურადღება მთავრობის ახალ ეკონომიკურ კურსზე გაამახვილა.
"ჩვენ მიერ ერთი თვის წინ გამოცხადებული ახალი კურსის სირთულე სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მიზნად დავისახეთ, სრულიად ახალ ეტაპზე გავიყვანოთ სახელმწიფოს საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის ხარისხი. ვთქვით, რომ აღარ ვაპირებთ დავკმაყოფილდეთ იმით, რომ სისტემა არაკორუმპირებულია და მუშაობს კანონის უზენაესობის პრინციპით. ახალი კურსის მიზანია სისტემა იყოს ბიზნესთან თანამშრომლობაზე ორიენტირებულიც, განახორციელოს არა მხოლოდ ადმინისტრირება, არამედ ამავე დროს მოემსახუროს ბიზნესს, არ ხუჭავდეს თვალს უკანონობაზე, მაგრამ ამას აკეთებდეს ისე, რომ მეწარმისთვის კომფორტული იყოს სახელმწიფოსთან ურთიერთობა. შეინარჩუნოს სიმკაცრე, მაგრამ ამავე დროს იყოს ობიექტური და სამართლიანი, იყოს არა მხოლოდ დამსჯელი, არამედ დამხმარეც", - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი განმარტებით, ნებისმიერი შეცდომის და გადაცდომის შემთხვევაშიც კი ბიზნესს უნდა მიეცეს გადარჩენის და ფეხზე დადგომის შანსი, რაც ახალი ეკონომიკური კურსით ასევე გათვალისწინებულია.
"სწორედ ეს არის ახალი ეკონომიკური კურსის მთავარი გამოწვევა, რაც გულისხმობს მუშაობის ახალ კულტურას და ახალი ფილოსოფიის დანერგვას; გულისხმობს სახელმწიფოს მიერ თვითშეზღუდვის უნარის დემონსტრირებას და ისეთი ატმოსფეროს შექმნას, სადაც ბიზნესი და სახელმწიფო იგრძნობს, რომ ერთი გუნდი ვართ, ერთ სახლს ვაშენებთ", - დასძინა სააკაშვილმა.
ქვეყნის პირველმა პირმა ის კრიტერიუმები განსაზღვრა, რაც კურსის რეალურად ქცევისთვისაა საჭირო.
"ახალი კურსის რეალურად ქცევას სჭირდება ცვლილებები კანონმდებლობაში. კოდექსი უნდა დაიხვეწოს, რათა გამორიცხავდეს მისი ორგვარი ინტერპრეტაციის საფრთხეს. ახალი კურსის განხორციელებას სჭირდება ასევე სხვადასხვა პროცედურის მნიშვნელოვნად გამარტივება, რაც ასევე აქტიურად მიმდინარეობს. მაგალითად: ინერგება სხვადასხვა ნოვაცია ჩვენი მეწარმეებისთვის ინტერნეტით მეშვეობით ოფისებიდან გაუსვლელად. გარდა ამისა, ახალი კურსის განხორციელებას სჭირდება ახალი ინფრასტრუქტურა, რაც ისე იქნება დაპროექტებული, რომ რეალურად შესაძლებელი იყოს ტვირთის ერთ საათში, ან უფრო ჩქარა განბაჟება და აღარ გაჩნდეს სიბინძურის განცდა, განცდა იმისა, რომ ბიზნესი არის ბინძური", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სააკაშვილის განმარტებით, უმუშევრობის წინააღმდეგ საბრძოლველად და ინფლაციისგან დაცვის გრძელვადიანი გარანტიების შექმნისთვის აუცილებელი ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაა, რასაც თავის მხრივ ახალი ეკონომიკური კურსი ემსახურება.