პარლამენტში მე-8 წლიური ანგარიშის დროს სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ არ სურს, მიკროფონი მხოლოდ მას დაეთმოს. პრეზიდენტის სურვილია, ტრიბუნა ხალხს დაუთმოს, რათა მათი სათქმელი პარლამენტამდე და მთავრობის წევრებამდე მივიდეს.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი პრეზიდენტობა გაჭირვებული ხალხის ცხოვრების გაუმჯობესებას ეძღვნება.
"ჩვენი მოქალაქეების ტკივილია მათი მიზნები და სურვილები, მათი პრეტენზიები და მოთხოვნები. ათასობით ჩვენს მოქალაქესთან მაქვს შეხვედრა, ზოგჯერ ტელეკამერების თანდასწრებით და მაქვს პატივი, პირადად მათ მოვუსმინო. ვესაუბრები ყველა პროფესიის წარმომადგენელს. ვხვდები მათ, ვისაც პროფესია აქვს და არ აქვს შესაბამისი სამსახური. ვხვდები მათ, ვინც ახლა ეუფლება პროფესიას და ვინც მეორე და მესამე პროფესიის ათვისებას ცდილობს, რათა უფრო კონკურენტუნარიანი გახდეს. ჩემი პრეზიდენტობა ეძღვნება მათი ცხოვრების გაუმჯობესებას, პრობლემების შემსუბუქებას და ოჯახისა და შვილების უკეთეს მომავალს", _ განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, უბრალო ხალხის ერთი შემოხედვაც საკმარისია, რომ მიხვდე, რა უქრობს ხალხს იმედის ნაპერწკალს.
"სამწუხაროდ, ასევე კარგად ვხედავ იმას, თუ რა უქრობს ამ იმედის ნაპერწკალს. ხანდახან ერთი შემოხედვით შეიძლება გაიგო, რომ რაღაც შეგეშალა და არასწორად ვაკეთებ. ამიტომ ამ ტრიბუნიდან უპირველესად მათი სათქმელი მინდა ვთქვა", _ განაცხადა პრეზიდენტმა.