საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტში ყოველწლიურ გამოსვლაში ქვეყანაში ფასების ზრდაზეც ამახვილებს ყურადღებას.
მისი თქმით, ფასების ზრდასთან ერთად ცხოვრებაც ძვირდება.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეკონომიკური პრობლემების გასაზრდელად ქვეყანა ქმედით ნაბიჯებს დგამს.
"დღეს ჩვენი ხალხისთვის არ არსებობს უფრო დიდი პრობლემა, ვიდრე გაზრდილი ფასები და გაძვირებული ცხოვრებაა. მთელი ქვეყნის მასშტაბით უდიდესი ქალაქებიდან პატარა სოფლებამდე მე ვხედავ საზოგადეობას, რომელიც სასოწარკვეთილია ამის გამო. ბევრ მათგანს აშინებს ფიქრი მომავალზე, რეალური ხელფასები მცირდება ინფლაციის გამო.
ერთი წუთით წარმოვიდგინოთ დილა როგორ თენდება დედისთვის, რომელსაც ყველა თეთრი გაწერილი აქვს. ზუსტად იცის რამდენი ლარი უნდა დაიხარჯოს მორიგი კვირის გადასაგორებლად, და ამ დროს აღმოაჩენს, რომ 1 კილოგრამი შაქარი უკვე 3 ლარამდეა გაძვირებული, ხოლო ზეთი 4 ლარამდე.
წარმოვიდგინოთ როგორ თენდება დილა უმუშევარი მამისთვის, ბრუნდება სახლში და არ იცის, რა უთხრას ცოლს ხვალინდელ დღეზე და არ იცის, სად იშოვოს სახსრები ოჯახის სანახად. მაგრამ იცის, რომ ხვალ სახლში პურის მოტანა კიდევ უფრო ძვირი შეიძლება დაუჯდეს, ვიდრე დღეს,"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.
სააკაშვილმა თავის გამოსვლაში განაცხადა ისიც, რომ მსოფლიოში ფასების ზრდამ უკლებლივ ყველა ქვეყანა მოიცვა.
ვხედავთ, რომ ფასების ზრდამ უკლებლივ ყველა ქვეყანა მოიცვა და ბევრგან გაცილებით უფრო მძიმე სიტუაციაა, ვიდრე ჩვენთან. ეს ყველაფერი კი ჩვენზე გავლენას ახდენს, მით უფრო, როცა არ გვაქვს გამართული ადგილობრივი წარმოება. ჩვენ მხოლოდ ახლა ვიწყებთ პირველი ნაბიჯების გადადგმას ეკონომიკური პოტენციალის გასაზრდელად,"- აღნიშნა პრეზიდენტმა.