რა უნდა მოვინანიო? ისევ ისე ავიმაღლებ ხმას უსამართლობაზე, - ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებულმა, ჯგუფურ მოქმედებაში მსჯავრდებულმა რევაზ კიკნაძემ თბილისის სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.
"სოლიდარობას გამოვუცხადებ დიქტატურის წინააღმდეგ თავისუფლებისთვის მებრძოლ ირანელებს. ყველა ადამიანმა უნდა აიღოს მაგალითი, როცა ქვეყნის კეთილდღეობას პირად კეთილდღეობაზე წინ აყენებ.
რით მოგვწამლეს 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრამდე? იმ თარიღებში, რა თარიღებშიც, ბრალი წარგვიდგინეს, რა ნივთიერებებს უშვებდნენ, ეგ გვითხრან.
სანამ პასუხს არ მივიღებთ, ყოველ წამს ინტენსიურად უნდა ვიკითხოთ, არ შეიძლება ეს დანაშაული შერჩეთ. თვითონ ერთმანეთშიც ვერ მოგვარებულან ისე, რომ ერთმანეთის საწინააღმდეგო რაღაცები არ გვითხრან..
მოსამართლეს ვკითხავდი, თვითონ თუ ფიქრობს, რომ ჩვენი ბედი აშხაბადში უნდა წყდებოდეს. პასუხს არ ველი. ჩვენც რომ ასე არ ვფიქრობთ, ამიტომ გამოვედით გარეთ. რაც დანაშაულად ჩაგვითვალეს. ყველა მოქალაქე ვალდებულია, გამოვიდეს, როცა მის ქვეყანაში უსამართლობა ხდება, როდესაც ხედავ, რომ შენ ე.წ. მთავრობა მტერს ემსახურება. ამიტომ ხდება, რომ მაშინ ის გავუტარეთ. ცოტა ხანში გვეტყვიან, რომ რუსეთია ჩვენი მეგობარია, ეს იმიტომ ხდება, რომ მაშინ ჩუმად იყავით, თქვენ, პატივცემულო მოსამართლევ და თქვენც არაპატივცემულო პროკურორო. ჩვენ იმიტომ გვიჭერენ, რომ თქვენ დაეთანხმეთ, პუტინთან წყდებოდეს ჩვენი ბედი.
თუ კიდევ ამ ამ მთავრობის ამომრჩეველი ხარ, არქიფო სეთურის ნახირს მახსენებ. ასეთი შთაბეჭდილება მაქვს, ამ სუპიჭამია ნახირს რომ ვუყურებ.
უნდა შევეხო შერჩევით სამართალს. ზვიადაური არ დაუჭერიათ მკვლელობისთვის. ტერიშვილმა ქაღალდი ისროლა და 2 წელი უნდა იჯდეს ციხეში. გიგა ავალიანის საქმეზე ვიტყვი, ჯგუფურად არ უკვალიფიცირებენ ბრალს და ჩვენ დაგვიკვალიფიცირეთ ჯგუფურად, როცა ერთმანეთსაც არ ვიცნობდით.
ხალხს მინდა ვუთხრა, რომ არასდროს შეგვეშინდეს ერთი სიტყვის - "რევოლუცია". ყველა არეული რევოლუციით ლაგდება," - თქვა რეზო კიკნაძემ სასამართლოში.
ცნობისთვის, სააპელაციო სასამართლოში აქციებისას დაკავებულმა 11-მა პატიმარმა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის მიერ გამოტანილი 2 წლიანი განაჩენი გაასაჩივრეს.