პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ შესაწყალებელი არაფერი აქვთ, აბსურდია ისიც, რომ შეწყალებას ითხოვდნენ პრეზიდენტისგან, რომელსაც არ აღიარებენ, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან პატიმრების შეწყალების აქტზე საუბრისას განაცხადა.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრეზიდენტმა ყაველაშვილმა 4-5 მოწყალების აქტი გამოსცა და სადღაც 1000-მდე ადამიანი ჰყავს შეწყალებული და არცერთ ჯერზე არ გვინახავს ამ პატიმრების და მათი ოჯახის წევრების მხრიდან ასეთი კამპანიური ხასიათის მოთხოვნა შეწყალებასთან დაკავშირებით. მეტიც, როცა მათ შეწყალებაზე ისმოდა საკითხი, ვხედავდით როგორი აგრესიულები იყვნენ მათი ოჯახის წევრები და პირიქით ციხიდან აქვეყნებდნენ წერილებს, რომ მათ შეწყალება არ სჭირდებათ. რას უკავშირდებოდა ნათლისღებას ეს აგორებული კამპანია - ერთია, რომ გადაეწურათ იმედები, რომ საკუთარი პატრონები გამოიხსნიან დამნაშავეებს და მეორე - ეს იყო კარგად დაგეგმილი მედიაკამპანია, რომელსაც ადამიანებში ამ პატიმრების მიმართ სიბრალული უნდა გამოეწვია. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც არცერთ ჯერზე არ აღიარებენ ბრალს და არ ვართ გადაზღვეული საზოგადოება, რომ მათი გამოსვლის შემდგომაც ნაკლებად რადიკალურები გახდებიან
პრეზიდენტმა ყაველაშვილმა ერთხელ იხუმრა - ხომ ჰყავთ მათ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი და მან შეიწყალოსო. ეს ძალიან სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე არ აღიარებენ საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტს, ამიტომ კიდევ ერთი აბსურდი მათ გუშინდელ აგორებულ კამპანიაში ის არის, რომ შეწყალებას ითხოვდნენ პრეზიდენტისგან, რომელსაც მათივე თქმით, არ აღიარებენ”, - აღნიშნა წილოსანმა.
მისი თქმით, პატიმრების ოჯახის წევრების მხრიდან ციხეებთან ლოდინი ხელოვნური და დადგმული პროცესი იყო.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ეს პატიმრები და მათი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ შესაწყალებელი არაფერი აქვთ, რომ ისინი ეთანხმებიან, რაც ჩაიდინეს. ესე იგი, რომ გამოვლენ, შეიძლება, კიდევ იგივე ჩაიდინონ. ასევე, მათი ოჯახის წევრები განსაკუთრებულად აგრესიულები არიან ამ შეწყალებასთან დაკავშირებით, ამიტომ, ძალიან ხელოვნური და დადგმული იყო [გუშინდელი პროცესი]. არ მგონია, რომ ვინმეში ამ პროცესმა შებრალება გამოიწვია, როცა ვხედავთ, რომ ეს ადამიანები შეწყალებას თავადვე არ მოითხოვენ“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.