დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე მანუჩარ სიგუა აცხადებს, რომ სააკაშვილის დრო უნდა დასრულდეს.
"სააკაშვილი პარლამენტში კი არ უნდა მიდიოდეს, არამედ მისი ადგილი ციხეშია. აფხაზეთიდან დევნილ 300 ათას ადამიანს 2008 წელს კიდევ ახალი დევნილები დაემატა ცხინვალის რეგიონიდან. ამიტომ უნდა იცოდეს, რომ მისი დრო დამთავრდა", _ განაცხადა სიგუამ.
მისი თქმით, საერთო საცხოვრებლიდან გასახლებული ადამიანები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. მათი უმრავლესობა თბილისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრებას ამჯობინებს, რადგან რეგიონში შეთავაზებული ფართი გარემონტებას საჭიროებს. ამასთან, იქ არც სამუშაო ადგილებია.
"რამდენიმე დღის წინ ყიფშიძის ქუჩიდან გასახლებული დევნილი ქალი დაკრძალეს, რომლის ახლობლებიც მომაკვდავის გასახლებისგან თავის შეკავებას ითხოვდნენ, თუმცა მათი თხოვნა არ შეისმინეს", _ აცხადებს სიგუა.
სიგუა არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლებამ დევნილთა გასახლების მესამე ტალღაც წამოიწყოს.