პრეზიდენტის ყოველწლიური საანგარიშო მოხსენების პარალელურად, დღეს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია ლოზუნგით_"ერთი ადამიანი_ერთი ბრალდება, საზოგადოება ადანაშაულებს პრეზიდენტს" გაიმართა.
ერთსაათიან სიმბოლურ აქციაზე სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლებმა პლაკატებზე დაწერილი თითო მოთხოვნა წარადგინეს: "შეწყდეს ბიუჯეტის უყაირათოდ ხარჯვა", "მოვითხოვთ შრომის დაცვის უფლებას", "მუხროვანელები დიქტატორ სააკაშვილის პირადი პატიმრები", "ბიზნესის მონოპოლია," "დევნილთა გასახლება", "დახვრეტის დაკანონება", "არასამართლიანი არჩევნები".
როგორც "კონსერვატიული პარტიის" წევრმა ლაშა ჩხარტიშვილმა აღნიშნა, ისინი არ შეეგუებიან შუშის დიქტატორის_მიხეილ სააკაშვილის ტირანიას. მათ შორის, ადამიანთა სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ტირანიას.
"მშვიდად არ უნდა მოვუსმინოთ, პარლამენტში მისული მიხეილ სააკაშვილი თვალში ნაცარს როგორ გვაყრის. სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაული უამრავია, რასაც რუსთაველის გამზირზე გამოფენილი ლოზუნგები ვერ დაიტევდა. ესაა სოციალური გენოციდი, მეწარმეებთან ბრძოლა, დევნილების გაყრა და სხვა. ადამიანებს ცხელი ტყვით კლავენ,"_აღნიშნა ჩხარიშვილმა.
ამასთან, ლაშა ჩხარტშვილმა სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დახვრეტილ პირთა სია წარადგინა. მისი თქმით, სია 200-მდე მშვიდობიან ადამიანს ითვლის, თუმცა იმის გამო, რომ დახვრეტილთა ვინაობა მიჩქმალულია, მათი ვინაობა სამი წერტილით აღინიშნა.
ჩხარტიშვილი აღნიშნავს, რომ საზოგადოებამ ყველა მეთოდს უნდა მიმართოს სააკაშვილის რეჟიმის დასასრულებლად, რადგან დღეს უმოქმედობა სააკაშვილის რეჟიმის პირისპირ ბრძოლაში დამარცხების ტოლფასია.