შეერთებულ შტატებს არ სურს უკრაინაში ომის დასრულება ისე, რომ აგრესია დაჯილდოვდეს. ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი Х-ზე წერს.
მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სურს „უკრაინაში სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის“ „ღირსეულად და სამართლიანად დასრულება“, რასაც წინა პრეზიდენტებმა ბარაკ ობამამ და ჯო ბაიდენმა ვერ მიაღწიეს.
„უბრალოდ შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სისხლისღვრის შესაჩერებლად ნებისმიერი უსაფრთხოების შეთანხმება კონგრესმა უნდა განიხილოს.“
„დეტალებს ყურადღებით ვაკვირდები. მიზანია, ამჯერად მივაღწიოთ შეთანხმებას, რომელიც შეაჩერებს მომავალ შეჭრას, რაც ობამამ და ბაიდენმა ვერ შეძლეს“, - წერს გრემი.
სენატორი მიიჩნევს, რომ რუსი ჯარისკაცები უახლოეს მომავალში უკრაინიდან არ გავლენ, თუმცა ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ აგრესორი არ დაჯილდოვდეს.
„ტერიტორიული გაცვლის შესაძლო საკითხთან დაკავშირებით: მე რეალისტი ვარ და მესმის, რომ რუს ჯარისკაცებს უკრაინიდან უახლოეს მომავალში ვერ გააძევებენ. ამავდროულად, ჩვენ არ უნდა დავასრულოთ ეს კონფლიქტი ისე, რომ აგრესია დაჯილდოვდეს“, - თქვა მან.