თუ ირანი ადამიანების მკვლელობას დაიწყებს, მაშინ ჩვენ ჩავერევით, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობისა და გაზის კომპანიების დირექტორებთან შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ირანი მძიმე მდგომარეობაშია.
„ირანი მძიმე მდგომარეობაშია.. როგორც ვხედავ, ხალხი გარკვეულ ქალაქებზე კონტროლს ამყარებს, რაც რამდენიმე კვირის წინ არავის წარმოედგინა.
მე ძალიან ნათლად განვაცხადე, რომ თუ ისინი დაიწყებენ ხალხის დახოცვას ისე, როგორც ამას წარსულში აკეთებდნენ, ჩვენ ჩავერთვებით. მათ ძალიან მტკივნეულად დავარტყამთ იქ, სადაც ყველაზე მეტად მტკივნეულია. ეს არ ნიშნავს სახმელეთო ჯარების შეყვანას, მაგრამ ნიშნავს ძალიან, ძალიან ძლიერ დარტყმებს იქ, სადაც ეტკინებათ. ჩვენ არ გვინდა, რომ ეს მოხდეს.
რაც ახლა ირანში ხდება, მართლაც საკმაოდ დაუჯერებელია. ამის ყურება გამაოგნებელია. მათ ცუდად იმუშავეს, საკუთარ ხალხს ძალიან ცუდად ექცეოდნენ და ახლა ამის საფასურს იხდიან. ვნახოთ, რა მოხდება - ჩვენ ყველაფერს განსაკუთრებული ყურადღებით ვაკვირდებით" - თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
ირანში, უკვე მეორე კვირაა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიმდინარეობს. თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მასშტაბური გამოსვლები ეროვნული ვალუტის გაუფასურებისა და ინფლაციის ფონზე დაიწყო, რამაც ქვეყანაში ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ინფორმაციით, აქციებისას დაღუპულთა რაოდენობა 51-მდე გაიზარდა. მათ შორის არიან არასრულწლოვნები. ამასთან, ვრცელდება დაუდასტურებელი ინფორმაცია მეტი დაღუპულის შესახებ.