თბილისის საკრებულოში, პარტია "საქართველოს გზის" წარმომადგენელმა და ფრაქცია "დედაქალაქის" წევრმა ნათელა მაჭავარიანმა პრესკონფერენცია გამართა.
მაჭავარიანმა ისაუბრა ინიციატივაზე, რომლის დაყენებასაც უახლოეს დღეებში აპირებს როგორც საკრებულოს სხდომაზე, ასევე ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიაში.
საკითხი ეხება თბილისის ბიუჯეტიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დღის ცენტრების თანადაფინანსებას.
ნათელა მაჭავარიანის განცხადებით, 2011 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებიც სოციალურად დაუცველები არიან, 100 %ით აფინანსებს, ხოლო ვინც არ არის სოციალურად დაუცველი _ 60%ით. რაც ნიშნავს, რომ ყოველთვიურად მშობლებს უწევთ 100 ლარის გადახდა, რაც მათთვის შეუძლებელია.
დღეის მდგომარეობით, თბილისში დაიხურა რამდენიმე დღის ცენტრი, ბენეფიციართა მიერ თანხის ვერ გადახდის გამო.
ნათელა მაჭავარიანი მოითხოვს, 2011 წლის ქალაქის ბიუჯეტში გატარდეს ცვლილებები და მერია ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შევიდეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანადაფინანსებაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა დღის ცენტრის დახურვის საფრთხე არსებობს.