ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის გადახედვის საკითხს დააყენებს.
როგორც ჟურნალისტებს ლორთქიფანიძემ განუცხადა, გამოსვლისთვის 5 წუთიანი ფორმატი სრულფასოვანი დებატების საშუალებას არ იძლევა, მაგრამ თავის გამოსვლაში სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელყოფის გახშირებული ფაქტებზე ისაუბრებს.
"შევეხები საქართველოში ნარკოპოლიტიკის საკითხს. მოგეხსენებათ, ევროსაბჭოს სახელმწიფოთა შორის საქართველო ერთადერთი სახელმწიფოდ რჩება, რომელსაც მიუხედავად აღებული ვალდებულებებისა, ჯერ არ გადაუხედავს გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები იმ მიმართულებით, რომ ადამიანებს სისხლის სამართლის წესით არ იჭერდნენ და ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის არ ასამართლებდნენ", - აღნიშნა დეპუტატმა.
მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით საკანონმდებლო ინიციატივათა მთელი პაკეტი უკვე არსებობს, თუმცა პაკეტი 2 წელი და 7 თვეა თაროზეა შემოდებული.
"ზოგიერთი საკითხის განხილვა წინა მოწვევის პარლამენტშიც კი განხორციელდა, მაგრამ გაურკვეველი მიზეზების გამო, უფრო სწორად, გასაგები მიზეზების გამო, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების დამოკიდებულებას უკავშირდება დღემდე განუხორციელებელია", - დასძინა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, 18:00 საათზე პარლამენტის წინაშე საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წლიური მოხსენებით წარდგება, რის შემდეგაც დებატებია დაგეგმილი.