პრემიერ-მინისტრი ნიკოლოზ გილაური ქეთევან წამებულის 70-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს ეწვია. პრემიერ-მინისტრმა პენსიონერებს, ინგა ლორიას და ბორის ბერზეცს, 20-ლარიან ენერგოვაუჩერთან და პირველადი მოხმარების პროდუქტებთან ერთად, თავისი კუთვნილი ვაუჩერიც გადასცა.
"ბოლო თვეების განმავლობაში მთელ მსოფლიოში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე, ძრითადად საკვებ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა და იზრდება. საქართველო გამონაკლისი არ არის. საქართველოში ეს ინფლაციური ფონი იგრძნობა. ამას ნაკლები შემოსავლების მქონე ოჯახები განსაკუთრებულად გრძნობენ. რამდენიმე კვირის წინ გადავწყვიტეთ დახმარების აქციის ჩატარება. ეს არ არის ანტიინფლაციური პროცესი, გვინდა მაქსიმალურად გავაკეთოთ ყველაფერი, რათა შევუმსუბუქოთ მოსახლეობას ფასების ზრდასთან დაკავშირებული პრობლემები. ეს არის აქცია, რომლის მიხედვით ელექტროენერგიის 20-ლარიან ვაუჩერს ყველა აბონენტს დავურიგებთ. ვისაც უნდა, აქვს საშუალება, თავისი ვაუჩერი მისცეს ნათესავს, მეგობარს, ახლობელს, იმ ადამიანს, ვისაც უფრო უჭირს", - განაცხადა გილაურმა.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ენერგოვაუჩერების დარიგება დაიწყო. პროექტის დასაფინანსებლად ბიჯეტიდან გამოყოფილია 20 მილიონი ლარი. ენერგოვაუჩერს 1 მილიონამდე აბონენტი მიიღებს.
აღსანიშნავია, რომ ენერგოვაუჩერების გადაცემა ერთი პირიდან მეორე პირზე მხოლოდ 1-ელ ივლისამდეა შესაძლებელი.