საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში გამოსვლის დროს ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს შეეხება.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გაბაშვილმა განუცხადა.
"პრეზიდენტის ყოველწლიური გამოსვლა მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა და ეს არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრადიციული ნაწილი", - აღნიშნა გაბაშვილმა.
მისი თქმით, სააკაშვილის გამოსვლის კარგი შანსია, რომ პრეზიდენტის ხედვაზე მსჯელობა და დებატები გაიმართოს.
"პრეზიდენტი თავის გამოსვლაში ჩვენი გუნდის პოლიტიკურ ხედვის პერსპექტივებზე, სამომავლო გეგმებზე, დღევანდელ დღეზე ისაუბრებს. ეს იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის სამუშაო ადგილები, ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოება", - აღნიშნა დეპუტატმა.