პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ დებატებზე ერთ-ერთ მთავარ თემად დევნილების გამოსახლებას საკითხს დააყენებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს დავითაიამ დღეს ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
"ვაპირებ, შევეხო ისეთ თემებს, რომელიც დევნილების გამოსახლებას, საგარეო ვაჭრობასა და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებს ეხება. საინტერესო იქნება ამ საკითხებზე პრეზიდენტის მოსაზრების მოსმენა", - აღნიშნა დავითაიამ.
დეპუტატი მიესალმება პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას სააკაშვილის გამოსვლის ფორმატთან დაკავშირებით.
"მისასალმებელია, რომ პრეზიდენტის გამოსვლასთან დაკავშირებით დებატების ფორმატზე შევთანხმდით, რაც ცალკეულ დეპუტატებს საშუალებას მისცემს, თავიანთი მოსაზრებები დააფიქსირონ", - აღნიშნა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში წლიური ანგარიშით 11 თებერვალს, 18:00 საათზე გამოვა.