ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატებიდან" პრეზიდენტთან დებატებში ოთხი დეპუტატი მიიღებს მონაწილებას.
როგორც დღეს ჟურნალისტებს "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა ლევან ვეფხვაძემ განუცხადა, დებატებში მონაწილეობას პარტიის ლიდერი გიორგი თარგამაძე, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი, ასევე წევრები მაგდა ანიკაშვილი და ლევან ვეფხვაძე მიიღებენ.
როგორც თარგამაძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას აღნიშნა, დებატების დროს "ქრისტიან-დემოკრატები" ყურადღებას გაამახვილებენ როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკაზე და შიდა პოლიტიკური პროცესებზე.
"საუბარი შეეხება იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სანდო და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბება, რაც წინაპირობა უნდა გახდეს პოლიტიკური სტაბილურობის, მშვიდობიანი სახელისუფლებო ცვლილების პრეცედენტის შესაქმნელად. ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიკურ პრობლემებზე ცალკეული დარგების მიხედვით", - აღნიშნა თარგამაძემ.
საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტთან დებატებისთვის გამოყოფილი რეგლამენტით კმაყოფილია.
"ვფიქრობ, ეს იქნება საკმარისი დრო, რომ ძირითად მნიშვნელოვან თემებზე ყურადღება გამახვილდეს. თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ერთმანეთს გადავუნაწილებთ თემებს, რათა ერთსა და იმავეზე არ იყოს ლაპარაკი და ამ დროს არ გამოგვრჩეს რამე მნიშვნელოვანი, ეს დრო სრულიად საკმარისია", - აღნიშნა თარგამაძემ.
შეგახსენეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა 11 თებერვალს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.