"სოციალური აფეთქება მოსალოდნელია, ვინაიდან საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. ამიტომაც სააკაშვილმა, შესაძლოა, ხელისუფლება წლის ბოლომდეც დათმოს", - განაცხადა პარტია "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გაზეთ "ვზგლიადისთვის" მიცემულ ინტერვიუში.
"არ მიმაჩნია, რომ ქუჩის მანიფესტაციებისა და აქციების დრო წარსულს ჩაჰბარდა, თან არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მიგვაჩნია, რომ ხალხის მასობრივი დემოკრატიული პროტესტი აიძულებს დღევანდელ ხელისუფლებას, დათმობებზე წავიდეს, გადადგეს და მისცეს ჩვენს სახელმწიფოს განვითარების შანსი", _ აცხადებს ბურჯანაძე და დასძენს: "მიმაჩნია, რომ 2008 წლის აგვისტოს შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ტრაგედიაა ქართველი ხალხისთვის. მაშინ აბსოლუტურად რეალური იყო სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლა, თუმცა ჩვენი პრეზიდენტის მტკიცება იმის შესახებ, რომ რუსეთს 2008 წლის აგვისტოში მისი ჩამოგდება სურდა, სრულიად უსაფუძვლოა. რუსეთს რომ ეს ნდომებოდა, ამას გააკეთებდა".
ბურჯანაძე ასევე აცხადებს, რომ ოპოზიციას დიდი შეცდომა მოუვიდა, როდესაც ქვეყანაში უცხო ტანკების ყოფნის ფონზე ხელისუფლების ირგვლივ გაერთიანდა და განაცხადა, ჩვენ თვითონ უნდა გავერკვეთ ჩვენს ხელისუფლებასთან ურთიერთობაშიო.
"ერთი მხრივ, ეს პოლიტიკურად და მორალურად მართებული იყო, მაგრამ მეორე მხრივ, ხელისუფლებამ შემდეგ იარაღი ჩვენს მხარეს მომართა და გადაწყვიტა, რომ შეუძლიათ დაუსჯელად და უვადოდ მართონ ქვეყანა", _ აცხადებს ბურჯანაძე.