"ავტოკრატების ეპოქა მთელ მსოფლიოში მთავრდება. ეს სააკაშვილმა კარგად უნდა გაიგოს. ის, რაც მოხდა ყირგიზეთსა და ტუნისში, რაც დღეს ხდება ეგვიპტეში, მისთვის გაფრთხილება და გაკვეთილი უნდა იყოს. სასურველია, რომ საქართველოში პროცესები ასეთი მიმართულებით არ განვითარდეს. ამისთვის კი საჭიროა, სააკაშვილმა ხალხის ხმა შეისმინოს", - განაცხადა "ქართული პარტიის" ხელმძღვანელმა სოზარ სუბარმა დღეს ყვარლის პარტიული ორგანიზაცის ოფისის გახსნისას.
მისი თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ძალოვანი უწყებების უხეშ ძალას ემყარება და მოსახლეობაში არანაირი ავტორიტეტი არ გააჩნია.
"სააკაშვილის რეჟიმი, მხოლოდ პოპულისტურ დაპირებებს იძლევა, რომლებსაც არ ასრულებს", -აღნიშნა სოზარ სუბარმა, რომელმაც თავისი ნათქვამის საილუსტრაციოდ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნების თაობაზე სააკაშვილის მიერ უხვად გაცემული დაპირებები მოიყვანა.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარე ხაზგასმით აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკა ინგრევა, ბიზნესი დატერორებულია და ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება. სუბარს საგანგაშოდ მიაჩნია ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება მიწის გადასახადის გაზრდის შესახებ.
"ქვეყანაში რადიკალური ცვლილებები აუცილებელია, რათა საქართველო ნორმალური განვითარების გზას დაადგეს. ეს არ მოხდება, თუ სააკაშვილი პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის რანგში გააგრძელებს ქვეყნის მართვას",- აფრთხილებს საზოგადოებას სოზარ სუბარი.
მისი თქმით, "ქართული პარტია" სწორედ ქვეყანაში არსებული უმწვავესი მდგომარეობის მოგვარების მიზნით შეიქმნა.
"ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ"-დაპირდა სოზარ სუბარი ამომრჩევლებს.
"ქართული პარტიის" თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში მოხერხდება ხელისუფლების მიერ სრული კონტროლის ქვეშ მოქცეული საინფორმაციო სივრცის გარღვევა, რაც მმართველი ძალის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლას გააადვილებს.
"გამარჯვებაში დარწმუნებულები ვართ, მარადიული ამ ქვეყნად არაფერია, თიხის ფეხებზე მდგარი ხელისუფლების დამარცხებას აუცილებლად მოვახერხებთ", - განმარტა მან.