აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას ინიციატივითა და კინოთეატრ „საქართველო"-ს მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილი 150 ბავშვი, ახალი ქართული ფილმის „გარიგება ოცი წლის შემდეგ" კინოჩვენებას დაესწრო.
ფილმის პრემიერას, დევნილ ბავშვებთან ერთად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე, გიორგი ბარამია და ფილმის ერთ-ერთი მონაწილე, მომღერალი ლელა წურწუმია ესწრებოდნენ.
"აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს, კინოთეატრ "საქართველოს" მხარდაჭერით საინტერესო სიურპრიზი მოვუმზადეთ. მათ საშუალება მიეცათ, ქართული კომედიური ფილმი -"გარიგება ოცი წლის შემდეგ" ენახათ. იმედია, ბავშვებს ფილმი მოეწონათ და საინტერესო პერსონაჟებთან შეხვედრამ განწყობა გაუხალისათ.აფხაზეთის მთავრობა, მომავალშიც გააგრძელებს ანალოგიური ღონისძიებების ჩატარებას", - განაცხადა ფილმის ჩვენების შემდეგ გიორგი ბარამიამ.
ლელა წურწუმიამ კმაყოფილება გამოთქვა ფილმის პრემიერაზე მოწვევის გამო.
"ძალიან გამიხარდა, რომ კინოჩვენებაზე პირადად მაყურებელმა მომიწვია და ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია , რომ ეს მაყურებელი აფხაზეთიდან დევნილი ბავშვებია. მათთვის , ალბათ, საინტერესო იყო შეცვლილ პერსონაჟებთან შეხვედრა. იმედი მაქვს, რომ ფილმმა ბავშვებს სასიამოვნო განწყობა შეუქმნა", - განუცხადა ჟურნალისტებს ლელა წურწუმიამ.
კომედიური ჟანრის ფილმი საქართველოს რამდენიმე მხარეშია გადაღებული, მათ შორის კახეთსა და აჭარაში. ფილმის რეჟისორია ზაზა კოლელიშვილი.