"ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" წევრი, დეპუტატი გურამ ჩახვაძე პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლისას შემდეგ დაგეგმილ დებატებზე მთავარ აქცენტს სოციალურ სფეროში არსებულ პრობლემებზე გააკეთებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გურამ ჩახვაძემ განუცხადა, საქართველოში ყველაზე დიდი ჩავარდნა სწორედ სოციალურ სფეროშია.
"ესენია: როგორც დასაქმების პოლიტიკის არ ქონა, ასევე დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემები, რის გამოც სამედიცინო მომსახურება ხელმიუწვდომელია 100 ათასობით ჩვენი მოქალაქისთვის და საპენსიო სისტემა, რომელიც ჩვენი ხანდაზმულების ღირსეულ ცხოვრებას ვერ უზრუნველყოფს", - აღნიშნა ჩახვაძემ.
მისივე შეფასებით, 20-ლარიანი ვაუჩერი შედეგის მომტანი ვერ იქნება, როდესაც მწვავედ დგას ფასების მატებისა და ინფლაციის პრობლემა.
"ეს საკითხები უნდა გახდეს რეალური ეკონომიკური პოლიტიკის საგანი და პრეზიდენტმა ყურადღება უნდა გაამახვილოს ამ პრობლემებზე და მხოლოდ წარმატებებზე, რომელიც საქართველოს ნამდვილად ჰქონდა, არ უნდა ისაუბროს", - აღნიშნა დეპუტატმა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხვალ, პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, რის შემდეგაც დებატებია დაგეგმილი.
პრეზიდენტ სააკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში 18:00 საათზე ელოდებიან.