დღეს ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" მდივანმა ზაზა გაბუნიამ საკრებულოში პრესკონფერენცია გამართა და ენერგოვაუჩერების დარიგების პროცესში მოსახლეობის დაყოფა გააპროტესტა.
გაბუნიას თქმით, მოსახლეობის აქტიურ და პასიურ მომხმარებლად დაყოფა გაუმართლებელია, რადგან სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ მხარდაჭერას სწორედ ის ოჯახები საჭიროებენ, რომელთაც გამოყენებული მომსახურების ხარჯის დასაფარად შესაბამისი ფულადი რესურსი და საშუალება არ აქვთ.
"მთავრობის აღნიშნული ინიციატივა შეიძლება აღქმულ იქნას მხოლოდ როგორც "პიარ-სვლა". სამართლიანი იქნებოდა, რომ ამ ინიციატივას მოეცვა ყველა ოჯახი ქვეყნის მასშტაბით, რადგან მოქალაქეთა დაყოფა-სეგრეგაცია აბსოლუტურად გაუმართლებელია, რის გამოც ეს "სამთავრობო ღონოსძიება" წარმატებულ სოციალურ აქციად და ხელისუფლების ეფექტურ ნაბიჯად ვერ შეფასდება",_აცხადებს ზაზა გაბუნია.
ამასთან, გაბუნიას მოთხოვნით, ვაუჩერები არა ერთჯერადი, არამედ კვარტალური უნდა იყოს, რომ მოსახლეობამ მისი დახმარებით არსებულ პრობლემებთან გამკლავება მართლაც შეძლოს.
პრესკონფერენციას მოქალაქეებიც ესწრებოდნენ, რომლებიც, ასევე, ეწინააღმდეგებოდნენ მთავრობის გადაწყვეტილებას ვაუჩერების დარიგების პროცესში მოსახლეობის დაყოფასთან დაკავშირებით.