პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის განცხადებით, პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ ოპოზიციისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს თანაბარი დრო მიეცემა.
"ხვალ პარლამენტში იქნება ძალიან აქტიური, ძალიან მწვავე და ამავე დროს კონსტრუქციული პოლიტიკური დებატები, სადაც ოპოზიციას და უმრავლესობას გამოსვლისთვის თანაბარი დრო მიეცემათ", - აღნიშნა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატზე კონსულტაციების დასრულების შემდეგ.
მისი განმარტებით, პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, დებატების დროს, სიტყვით უმრავლესობისა და უმცირესობის ლიდერები გამოვლენ და მათ 45-45 წუთი მიეცემათ.
რაც შეეხებათ ფრაქციის თავმჯდომარეებს, მათთვის 15-15 წუთია გათვალისწინებული, ხოლო 5 წუთიანი სიტყვით გამოსვლის საშუალება აქვთ ვიცე-სპიკერებსა და დამოუკიდებელ დეპუტატებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში ხვალ ყოველწლიური მოხსენებით წარდგება, რის შემდეგაც დებატებია დაგეგმილი.
პრეზიდენტ სააკაშვილს საკანონმდებლო ორგანოში 18:00 საათზე ელოდებიან.