დავით აღმაშენებლის გამზირის რებილიტაციის პროექტის ფრაგლებში, რომელიც მერიამ 2010 წლის იანვარში დაიწყო, სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის შენობას.
სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერმა გიგი უგულავამ დაათვალიერა და მუზეუმის თანამშრომლებს შეხვდა.
"თეატრისა და კინოს მუზეუმი, რომელიც ამ ისტორიულ შენობაში მდებარეობს, გარდა მუზეუმისა, შენობა არის ერთ-ერთი უნიკალური ნაგებობა თბილისში. ის ორი ფლიგელისგან შედგება, ერთი შედარებით ახალია, ის XX საუკუნის 20-იან წლებშია აშენებული, მეორე ისტორიული შენობა ძალიან დაზიანებული იყო, ჩვენ მისი რეაბილიტაცია შარშან დავიწყეთ, ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული ობიექტია სარესტავრაციოდ, მას რამოდენიმე წლის წინ ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც შენობა მიწისძვრას გადაურჩა. ერთ წელიწადში შენობა იქნება გამაგრებული და მთლიანად რეაბილიტირებული და გადარჩენილი, ისევე როგორც მთელი მიმდებარე ტერიტორია. შენობა მრავალფიუნქციური იქნება და მუზეუმის გარდა ის ალბათ გახდება თბილისელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი თავშეყრის ადგილი.", - განაცხადა უგულავამ.
ამ ეტაპზე შენობის ძირითადი გამაგრებითი სამუშაოები დასრულებულია. მთლიანად გამოიცვალა ფუნდამენტის დაზიანებული ნაწილები. რკინა ბეტონის კოსტრუქციებით გამაგრდა მზიდი კედლები, საძირკველი იზოლირებულია წყლისაგან. ეზოში მოეწყობა სანიაღვრე და მოწესრიგდება მიწისქვეშა კონსტრუქციები. შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები შემოდგომაზე დასრულდება.