ეუთო რუსეთის ფედერაციას 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ამჯერად მოსკოვის მიმართ შესაბამისი მოწოდებები ვენაში გამართულ ეუთოს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმზე გაჟღერდა.
ამასთან, ფორუმის მონაწილეებმა რუსეთს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების დაშვებაც მოსთხოვა.
ეუთო-ს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმში ქართული მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ ვაშაკიძე მონაწილეობდა. მან ეუთო-სა და ამ ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებებისა და მათი სამხედრო ძალების ზრდის შესახებ.
ამასთან, ქართულმა მხარემ ისაუბრა აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების განლაგებისა და შემადგენლობის თაობაზე. განსაკუთრებული აქცენტი იქნა გაკეთებული ახლადშემოყვანილი შეტევითი ტიპის შეიარღებაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ეფექტური კონტროლის" განხორციელებას, რისი დასტურიცაა რუსეთის მოქალაქე სამხედრო და უსაფრთხოების ოფიცრების დანიშვნა სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების სტრუქტურებში.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შესახებ თავის გამოსვლებში ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და კანადის წარმომადგენლებმა. კერძოდ, აღნიშნულ იქნა ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონალური სტაბილურობის შენარჩუნებას.