ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ეუთო-ს უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაშაკიძემ ეუთო-სა და ამ ორგანიზაციის პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საოკუპაციო ჯარების ქმედებებისა და მათი სამხედრო ძალების ზრდის შესახებ.
ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების განლაგებისა და შემადგენლობის თაობაზე. განსაკუთრებული აქცენტი იქნა გაკეთებული ახლადშემოყვანილი შეტევითი ტიპის შეიარღებაზე.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ეფექტური კონტროლის" განხორციელებას, რისი დასტურიცაა რუსეთის მოქალაქე სამხედრო და უსაფრთხოების ოფიცრების დანიშვნა სოხუმისა და ცხინვალის მარიონეტული რეჟიმების სტრუქტურებში.
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობისა და რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შესახებ თავის გამოსვლებში ისაუბრეს ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და კანადის წარმომადგენლებმა. კერძოდ, აღნიშნულ იქნა ის ფაქტი, რომ რუსეთის ფედერაციის ამგვარი ქმედებები საფრთხეს უქმნის მთლიანად რეგიონალური სტაბილურობის შენარჩუნებას.
გამომსვლელებმა მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმება და დაუშვას საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე შედარებითი სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად აუცილებელია ამ ტერიტორიებზე მიმდინარე მილიტარიზაციის შესახებ საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივად ინფორმირება.
აღნიშნულ კონტექსტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს რწმენას, რომ ვენაში გაკეთებული მოხსენება გახლდათ მიზანშეწონილი და შედეგიანი.
ფორუმი ქ. ვენაში 2011 წლის 9 თებერვალს გაიმართა.