საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტთან დებატებისთვის გამოყოფილი რეგლამენტით კმაყოფილია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განუმარტა, პარლამენტში პრეზიდენტის წლიური ანგარიშის მოსმენის შემდეგ დებატებზე გამოსვლისთვის ხუთი წუთი დაეთმობათ დამოუკიდებელი დეპუტატებს ან დეპუტატებს, რომლებიც შედიან ფრაქციაში და ინაწილებენ დროს. ასევე უმცირესობისთვის კუთვნილი დრო გადანაწილდება საპარლამენტო უმცირესობაში შემავალ დეპუტატებზე, შესაბამისად, ფრაქციების თავმჯდომარეებს მოუწევთ 15-წუთიანი გამოსვლა, უმცირესობის ლიდერს - 20-25-წუთიანი.
"ვფიქრობ, ეს იქნება საკმარისი დრო, რომ ძირითად მნიშვნელოვნა თემებზე ყურადღება გამახვილდეს. თუ ამას იმასაც დავამატებთ, რომ ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" ერთმანეთ გადავუნაწილეთ თემებს, რათა ერთსა და იმავეზე არ იყოს ლაპარაკი და ამ დროს არ გამოგვრჩეს რამე მნიშვნელოვანი, ეს დრო სრულიად საკმარისია", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისი თქმით, დებატების დროს "ქრისტიან-დემოკრატები" ყურადღებას გაამახვილებენ როგორც ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ასევე უსაფრთხოების პოლიტიკაზე და შიდა პოლიტიკური პროცესებზე.
"საუბარი შეეხება, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყანაში სანდო და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ჩამოყალიბდეს, რაც წინაპირობა უნდა გახდეს პოლიტიკური სტაბილურობის, მშვიდობიანი სახელისუფლებო ცვლილების პრეცედენტის შესაქმნელად. ასევე ჩვენს გამოსვლაში ყურადღებას გავამახვილებთ ეკონომიკური პრობლემებზე ცალკეული დარგების მიხედვით და იმ სიმძით, რომელიც ეკონომიკის უკუღმართი განვითარების გამო მძიმე უღელად აწვება ჩვენს მოსახლეობას", - აღნიშნა თარგამაძემ.
შეგახსენეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა 11 თებერვალს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.