სამხრეთ კორიეს დედაქალაქ სეულში, საქართველოს ელჩმა რევაზ ბეშიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტს ლი მიონ-ბაკს.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კორეის რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
საქართველოს, როგორც ევროპის და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლი მეტად მნიშვნელოვანია რეგიონისთვის ზოგადად და კორეის რესპუბლიკისთვის. პრეზიდენტმა გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს საქართველო-კორეის რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ განვითარებას.
ქართულმა მხარემ მადლობა გადაუხადა კორეის რესპუბლიკის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველო-კორეის მეგობრული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და განვითარდება.