საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არ არის აუცილებელი რუსეთთან დიალოგის პირველივე ეტაპზე პირველი შეხვედრა დიმიტრი მედვედევსა და ვლადიმერ პუტინთან შედგეს.
ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი გერმანული გამოცემა "Der Tagsshpigel"-ისთვის მიცემულ ინტერვიუში საუბრობს და აქვე საქართველო-რუსეთს შორის დიალოგის გაწყების პროცესში გერმანიის, როგორც შუამავლის როლის აუცილებლობაზე საუბრობს.
"ჩვეულებრივ რუსები მე გამირბიან... გერმანიამ უნდა გამოიყენოს თავისი კონტაქტები და უთხრას რუსეთს, რომ უარი სთქვას კონფრონტაციაზე, საზღვრებთან შეწყვიტოს შეიარაღების კონცენტრაცია და გააჩინოს დიალოგის შესაძლებლობა... საქართველოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები სურს იმ ფონზეც კი, რომ მისი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია. არ არის აუცილებელი პირველი კონტაქტი შედგეს პრეზიდენტ მედვედევთან ან პრემიერ-მინისტრ პუტინთან, ამ შემთხვევაში რანგს მნიშვნელობა არა აქვს. თუკი გერმანია წარმართავდა ასეთ დიალოგს საქართველო ძალიან მოხარული იქნებოდა", - აცხადებს სააკაშვილი ინტერვიუში.
მისივე განმარტებით, საქართველო თავიდან აიცილებდა ნებისმიერ კონფრონტაციას, მაგრამ რეგიონში სხვა ძალებიც არსებობენ.
"ნებისმიერი კონტაქტი სჯობს კონფრონტაციას, თუმცა მოსკოვი ისე იქცევა, თითქოს საერთოდ არ არსებობს საქართველოს მთავრობა", - დასძენს პრეზიდენტი სააკაშვილი.