პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლას საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
როგორც ელჩები აცხადებენ, მათ სააკაშვილის გამოსვლასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინი აქვთ.
"დიდი მოლოდინი მაქვს და მაინტერესებს ეს გამოსვლა. წინა ამგვარი გამოსვლიდან გარკვეული დრო გავიდა და რა თქმა უნდა, სათქმელიც დაგროვდა", - განუცხადა საქართველოში ჩეხეთის ელჩმა ივან იესტრჟაბიმ ჟურნალისტებს.
პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ლიტველმა დიპლომატმაც. იონას პასლაუსკასის შეფასებით, აღნიშნული კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ საზოგადოებამ ქვეყნისთვის აქტუალურ საკითხებზე ანგარიში თავად ქვეყნის პირველი პირისგან მიიღოს.
"დაველოდები პრეზიდენტის გამოსვლას. რაც შეეხება მნიშვნელობას, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ქვეყანაში პრეზიდენტები ამზადებენ მოხსენებას, პირველ რიგში, საკუთარი ხალხისთვის. ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ ადამიანები პირველი პირისგან მოისმენენ აქტუალურ საკითხებზე შეფასებას. ყველა დიპლომატი ელოდება ამ დღეს", - განმარტა ლიტვის ელჩმა საქართველოში.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი კანონმდებლების წინაშე წლიური მოხსენებით 11 თებერვალს წარდგება.