აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი აღნიშნავს, რომ ჩარჩო შეთანხმება საბოლოო არ არის, მაგრამ რეალურია უკრაინისა და რუსეთის მიერ ხელმოწერის შემდეგ. ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ჩარჩო შეთანხმება არსებობს იმისთვის, რომ მივიდეთ დასკვნამდე... ვფიქრობ, ჩვენ შეგვიძლია უკრაინელებს ამისკენ ვუბიძგოთ, შემდეგ კი რუსებს. ეს კარგი გეგმაა. მასში არის რამდენიმე პუნქტი, რომლებიც ნათლად კოდიფიცირებას და ცოტა უფრო დეტალურად ახსნას საჭიროებს, მაგრამ ჩვენ თითქმის ბოლოში გავედით,“ - აღნიშნა კელოგმა.
კელოგის თქმით, 28-პუნქტიანი გეგმა იხვეწება უსაფრთხოების გარანტიების ჩასართავად. მისი თქმით, შეთანხმების მთავარი გარანტორი შეერთებული შტატები უნდა იყოს, რათა თავიდან იქნას აცილებული ბუდაპეშტის მემორანდუმისა და მინსკის შეთანხმებების შეცდომები.
კელოგი დარწმუნებულია, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაასრულებს ომს, რომელიც „მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე ხანგრძლივია“.
„მან ომი ისეთ მდგომარეობამდე მიიყვანა, რომ ჯარში ვამბობთ, რომ მიზნaმდე ბოლო 10 მეტრი ყოველთვის ყველაზე რთულია.ომის დასრულებას ორი მეტრი გვაშორებს, თითქმის მივედით“, - თქვა კელოგმა
მისი თქმით, ამავდროულად, ევროპამაც უნდა აიღოს გარკვეული პასუხისმგებლობა.
კელოგმა დასძინა, რომ ზელენსკი შესაძლოა ჩავიდეს შეერთებულ შტატებში შეთანხმების ხელმოწერისთვის.
მან ასევე ხაზი გაუსვა არჩევნებს, როგორც „უკრაინელებისა და თავისუფალი სამყაროს დარწმუნების“ გეგმის პირობას.
„გეგმაში კიდევ ერთი პუნქტია, რომელიც, ჩემი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია, კერძოდ, არჩევნების ჩატარება. გეგმაში მკაფიოდ წერია, რომ უკრაინამ არჩევნები 100 დღის განმავლობაში უნდა ჩაატაროს. რაც იმ ადამიანებისგან მოვისმინე, ვისთანაც ვისაუბრე, ეს დაახლოებით 90 დღეში შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ეს საინტერესო პროცესი იქნება. ვფიქრობ, არჩევნები უნდა ჩაატარონ, რადგან ეს უკრაინელ ხალხსა და თავისუფალ სამყაროს დაარწმუნებს. ეს გეგმის ერთ-ერთი პირობაა“, - განაცხადა კელოგმა.