ირანის ხელისუფლება ბულგარეთს აფრთხილებს, აშშ-ს თავისი აეროპორტების გამოყენების უფლება არ მისცეს.
Reuters-ის ცნობით, ბულგარელმა პარლამენტარმა სტანისლავ ბალაბანოვმა 18 მარტს გამოაქვეყნა ნოტა, რომელშიც ირანის მთავრობა აფრთხილებდა, რომ „იტოვებს უფლებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა საკუთარი სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების დასაცავად საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.
დოკუმენტის არსებობა მოგვიანებით ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარინ რაიკოვმა დაადასტურა. მისი თქმით, ბულგარეთი საომარ მდგომარეობაში არ იმყოფება და ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილე საბრძოლო თვითმფრინავები მის ტერიტორიაზე არ დაფრინავენ.
„საბრძოლო თვითმფრინავები ბულგარეთის თავზე სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობის მისაღებად არ დაფრინავენ“, - აღნიშნა რაიკოვმა.
მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სოფია თეირანთან უწყვეტ დიპლომატიურ ურთიერთობებს ინარჩუნებს.
თებერვლის ბოლოს ბულგარულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფიის სამოქალაქო აეროპორტში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი დაეშვა.
ცნობისთვის, ესპანეთმა თავისი საჰაერო სივრცე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის დახურა, იტალიამ უარი თქვა სიგონელას ბაზაზე ამერიკული საჰაერო ხომალდების გაჩერებაზე, ხოლო საფრანგეთმა ამერიკულ და ისრაელის თვითმფრინავებს, რომლებსაც იარაღი გადააქვთ, საკუთარი საჰაერო სივრცის გამოყენება აუკრძალა.